მაია ცქიტიშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანაა სტიქიის ზონაში მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მათი ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფა
31 ივლისი 2020საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში, ნაკიეთში და ლაგვანთის ხიდთან სტიქიის მიერ დაზიანებულ მონაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა გამართა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სპეციალურად მოწყობილი ბოგირების მეშვეობით სურსათი უკვე მიეწოდა სოფლების - მუჟარეთისა და ხიდეშლების მოსახლეობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენები აგრძელებენ სხვა სოფლებში როგორც სურსათის მიწოდებას, ისე სოფლებიდან გამოსვლის მსურველი მოსახლეობის გამოყვანას.
სტიქიის ზონაში აგრძელებენ მუშაობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას", შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„გეოლოგებმა დილითვე დაათვალიერეს სტიქიის ზონა და დამამშვიდებელი ინფორმაცია მოგვაწოდეს იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის არსად დაგუბებები. ეს ნიშნავს იმას, რომ წყალმოვარდნებს ამ ეტაპზე არ უნდა ველოდოთ. საპროექტო ჯგუფები იმყოფებიან დიდ და პატარა ღებში, სადაც სპეციალისტები დარჩებიან რამდენიმე დღე იმისთვის, რომ მოხდეს დეტალური აღრიცხვა, შესწავლა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაპროექტება. მოსალოდნელზე ადრე მოხერხდა კიდევ ორ სოფელთან შემოვლითი გზების საშუალებით კავშირის აღდგენა და ამ ეტაპზე გვრჩება 5 სოფელი, სადაც ჯერ საავტომობილო მოძრაობა არ გვაქვს. აქტიურად გრძელდება მუშაობა მდინარის კალაპოტის შესაცვლელად, რის შედეგადაც იქ, სადაც გუშინ სრულიად იყო ჩაწყვეტილი გზა, დღეს უკვე დროებითი გადასასვლელი არის მოწყობილი და დღის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ ტექნიკა შემდგომ მონაკვეთამდე გადასვლას შეძლებს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შენარჩუნებულია მუდმივი კავშირი და საჭიროების შესაბამისად, ყველას ოპერატიულად მიეწოდება სურსათი და მედიკამენტები.
„ვიდრე აღდგება მოძრავი მაღაზიები, რომელსაც უზრუნველვყოფთ ვერტმფრენების საშუალებით, მანამდე ყველას მოვამარაგებთ პირველადი სასურსათო კალათით. იმ ხუთ დასახლებაში, სადაც ჯერ საავტომობილო მოძრაობა არ გვაქვს, დღეში ორჯერ ვერტმფრენი რეისებს შეასრულებს. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შევთანხმდით, რომ ამ სოფლებში ხვალიდან მუდმივად იქნება სოფლის ექიმი. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა არის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მათი ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფა,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება ენერგომომარაგებას, ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, გუშინ 10 დასახლებაში აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება, დღეს დამატებით ჩაირთვება უწერა და გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფლებშიც, დაზიანებული ხაზების აღდგენაზე, უკვე მუშაობენ სპეციალისტები.